მუხლი 1. შესავალი
- ეროვნული სასწავლო გეგმა ეფუძნება „ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებს“ და უზრუნველყოფს მათ მიღწევას / რეალიზებას.
- ეროვნული სასწავლო გეგმა განსაზღვრავს:
ა) სწავლა-სწავლების მისიას, მიზნებსა და შინაარსობრივ პრიორიტეტებს განათლების სხვადასხვა საფეხურზე;
ბ) სწავლა-სწავლებისა და შეფასების პრინციპებს;
გ) სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან დაკავშირებულ ცალკეულ საკითხებს. - ეროვნული სასწავლო გეგმის პირველი თავი სავალდებულოა ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის (შემდგომ – სკოლა), ხოლო მეორე თავი – საჯარო სკოლებისთვის.
- ეროვნული სასწავლო გეგმის მისია, მიზნები და შინაარსობრივი პრიორიტეტები შეეხება ზოგადი განათლების სამივე საფეხურს (დაწყებითს, საბაზოს, საშუალოს).
- ზოგადი განათლების საბაზო საფეხურისთვის განსაზღვრული სწავლის შედეგები შეესაბამება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-2 დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებს, ხოლო ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის/სრული ზოგადი განათლების სწავლის შედეგები − ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-4 დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებს.
- ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველზე სკოლა ქმნის სასკოლო სასწავლო გეგმას, რომელიც აღწერს სწავლა-სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებს:
ა) სკოლის ფილოსოფიას და კურიკულუმებს საფეხურების მიხედვით (მათ შორის ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას – მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების გათვალისწინებით ეროვნული სასწავლო გეგმის ადაპტაციით შექმნილ სასწავლო გეგმას);
ბ) სკოლის განვითარების ხელშემწყობ პროცესებს: სტრატეგიული გეგმის განვითარებას, კურიკულუმის განვითარებას, პერსონალის მართვასა და განვითარებას, ადამიანებისა და პროცესების უსაფრთხოებას, მატერიალურ რესურსებსა და ინფრატრუქტურას, საინფორმაციო რესურსებს, ფინანსურ რესურსებს, მოსწავლეთა აღზრდისა და მხარდაჭერის სისტემებს. - ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით სისტემის ყველა დონეზე იქმნება დანერგვის მხარდამჭერი ინსტრუმენტები და მექანიზმები: მასწავლებლის განათლების დარგობრივი მახასიათებელი, ეროვნული შეფასებები, საგამოცდო პროგრამები, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტი.
- ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების პროცესს წარმართავს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 12 იანვრის ბრძანება №05/ნ – ვებგვერდი, 15.01.2024წ.

